დღესასწაულები

                                    ლიგვალელ

   წვიმიანობის დროს, როდესაც ნალექი ბევრია და მოსავალს საფრთხეს უქმნის, უხუცესები იკრიბებიან და წმინდა ელიას გამოდარებას სთხოვენ. პროცესია სოფელ ბარში ლამარაშის სახელობის ნაეკლესიართან იწყება და გალობით ფხოტრერის მთავარანგელოზის ეკლესიასთან მთავრდება. ტაძარს გარს 3–ჯერ შემოუვლიან გალობით და ეცერისა და მთელი სვანეთისათვის წყალობას თხოვენ უფალს.

                                     ლალხორაშ მშლადეღ
   "ლალხორ" სვანური სიტყვაა და თავშეყრას ნიშნავს. იგი გვიან შემოდგომაზე  იმართება ფხოტრერის მთავარანგელოზის ტაძრის ეზოში. იკრიბება სრულიად ეცრის მოსახლეობა და წყდება სოფლის საჭირბოროტო საკითხები. აქვე განიხილება სარჩელები, ხდება მომდურავთა შერიგება, დგინდება სამოქმედო გეგმები. წესდება გარკვეული შეზღუდვები, მაგ. მეთევზეთათვის. იწყევლება ცუდის ჩამდენი, ქურდობა, ორგულობა.
    ოჯახიდან ყველას მიაქვს "ლემზირები" და "ზედაშე", ლოცულობენ თავიანთი ოჯახების კეთილდღეობისთვის. შემდეგ იკვლება შეგროვილი თანხით ნაყიდი დიდი ხარი. ხორცს თანაბრად ანაწილებენ ოჯახების რაოდენობაზე , ააგებენ პატარა ხის შამფურზე, რომელსაც "ლაგაფი" ეწოდება. დარჩენილ ხორცს  ხარშავენ და იქვე მიირთმევენ.

                                                   ლიხვთიში
      ლიხვთიში ლამპრობის მომდევნო კვირას აღინიშნება. იგი ბავშვების დაავადებისაგან დამცავი სალოცავი დღესასწაულია.
      დღესასწაულში მონაწილე ოჯახები აცხობენ "ლესკარს" და 3 ლემზირს. "ლესკარი" დიდი ზომის სალოცავი პურია, რომელსაც ხორცის ან ყველის შიგთავსი აქვს. იკრიბებიან ოჯახში, რომელიც ტრადიციის მიხედვით დღესასწაულის მასპინძელია და მომდევნო წლის დღესასწაულის მასპინძლობას იგი მეზობელს 1ლ არყითა და 1ც ლემზირით გადაულოცავს.
      მასპინძელ ოჯახში პირველად ლოცვით უხუცესები შედიან და ლოცულობენ.ამის  შემდეგ სოფლის ყველა მცხოვრები უერთდება  მათ და იწყება მხიარულება.
   სუფრის ყველა წევრმა უნდა თქვას სადღეგრძელო, რომელსაც "საყნის მადლი" ჰქვია.აუცილებელი პირობაა სადღეგრძელო სვანურ ენაზე ითქვას, წესის დამრღვევი კი ისჯება სპეციალური სასმისით, რომელსაც "ჩანჩალა" ჰქვია.


                                                              ლიგუნაშელ
სულების მოსახსენიებელი კვირიაკეს ბოლო დღეს, რომელიც ყოველთვის ორშაბათია, ტარდება "ლიგუნაშელ".
    ამ ტრადიციის არსი ისაა,რომ სულებმა თან რომ არ წაეყვანათ თავიანთი ახლობლები, ახალგაზრდები იკრიბებიან, ჩამოივლიან ოჯახებს  და ყველა წევრს შუბლზე ნახშირს უსმევენ., რათა სულებმა თავიანთი ახლობლები  ვერ იცნონ.ეს ყველაფერი რათქმაუნდა სახალისოა და მხიარულ განწყობას ქმნის.




Комментариев нет:

Отправить комментарий